განმარტებანი - აჰა, მოდის დღე უფლისა - დღე სასტიკი... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
აჰა, მოდის დღე უფლისა - დღე სასტიკი,
დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისგან

(ეს. 13:9)
ანგელოზი საყვირით
წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები წმინდა წერილის ცალკეულ გამონათქვამებზე.

როდესაც დადგება უფლის დღე, "დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა, ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისგან", მაშინ ვერ ჰპოვებ ვერც მოსარჩლეს, ვერც განმანთავისუფლებელს; ვერც ქრისტეს მდაბალსა და მშვიდ სახეს იხილავ. და როგორც მაღაროებში გაგზავნილნი უწყალო ადამიანთა ხელში ხვდებიან და არავის ნახვა არ შეუძლიათ შინაურთა და მეგობართაგან და მხოლოდ ზედამხედველებს ხედავენ, ასე იქნება მაშინაც და - გაცილებით უარესად.
 
აქ კიდევ შეიძლება მიხვიდე მეფესთან, გული მოულბო მას და ამგვარად მოხსნა მსჯავრდებულის ბორკილები; იქ კი ეს უკვე შეუძლებელია. ჯოჯოხეთიდან არავის უშვებენ, იქ ჩავარდნილნი მარადიულ ცეცხლში იწვიან და ისეთ ტანჯვას ითმენენ, რომლის აღწერაც შეუძლებელია.
 
თუკი არანაირ სიტყვას არ შეუძლია გადმოსცეს ის აუტანელი წამება, ეს ადამიანები რომ ითმენენ, რომელნიც აქ იწვიან, მით უფრო გამოუთქმელია მათი წამება, ვინც იქ იტანჯებიან.
 
აქ, ყოველ შემთხვევაში, ყველანაირი წამება რამოდენიმე წუთში მაინც მთავრდება, იქ კი ცოდვილი მუდამ იწვის, მაგრამ ეს წვა არ თავდება.
 
მაშ, რაღა ვქნათ, თუკი იქ მოვხვდებით? მე ამას საკუთარ თავზე ვამბობ, მაგრამ თუკი შენ, მოძღვარო, - მეტყვის მე მავანი, - ასე ამბობ საკუთარ თავზე, მაშინ ჩემთვის არც კი ღირს ზრუნვა. რა გასაკვირია, რომ მე დამსჯიან? აჰ, არა! გევედრებით, დაე ნურავინ ეძიებს ამგვარ ნუგეშს. ამაში არაფერია გასახარი. მითხარი: განა უხორცო ძალა არ იყო ეშმაკი? განა ადამიანებზე აღმატებული არ იყო იგი? და მაინც დაეცა?
 
რა, განა ვინმეს შეუძლია, ინუგეშოს იმით, რომ იგი ეშმაკთან ერთად დაიტანჯება? არანაირად. რა დაემართა ოდესღაც ყველა ეგვიპტელს?
 
განა არ ხედავდნენ ისინი, რომ მათი უფროსებიც ითმენენ სასჯელს და ყოველ სახლში ტირილი ისმის? განა შეეძლოთ მათ, ამის მხილველთ, ნუგეში მიეღოთ და შვება ეგრძნოთ უბედურებაში? სრულიადაც არა! როგორც ეს მათი შემდგომი მოქმედებებიდან ჩანს, როდესაც ისინი თითქოსდა რაღაც ცეცხლოვანი შოლტით დევნილნი, ყველანი მეფის წინაშე წარსდგნენ და აიძულეს გაეშვა ებრაელი ხალხი.
 
რა უგუნურებაა ნუგეშად ჩათვალონ ის, რომ ყველასთან ერთად ისჯებიან და იძახონ როგორც ყველა, ისე მე! რაღა უნდა ვთქვათ გეენიაზე? წარმოიდგინე მხოლოდ ფეხების სნეულებით შეპყრობილნი და მათ იმ დროს, როდესაც სასტიკი ტკივილით იტანჯებიან, უჩვენე ათასობით სხვა უმეტესად ტანჯული ადამიანი, ისინი ვერც კი გაგიგებენ იმიტომ, რომ ძლიერი ტკივილი დაფიქრებისთვის სრულ თავისუფლებასაც კი არ იძლევა იმისთვის, რომ სხვებზე დაფიქრდე და ამაში ნუგეში ჰპოვო.
 
მაშ, ნუ გამოვკვებავთ საკუთარ თავს ასეთი ცარიელი იმედებით. ნუგეშის პოვნა განსაცდელებში, მოყვასი რომ ითმენს, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საკუთარი ტანჯვა ასატანია; მაგრამ როდესაც წამება საზღვრებს სცილდება, როდესაც სულს საკუთარი თავის ცნობაც აღარ ძალუძს, - მაშინ რაშიღა ჰპოვებს იგი ნუგეშს? ამგვარად, ეს სიტყვები მხოლოდ სასაცილო და უგუნურ ბავშვთა ზღაპრებია. ნუგეშს, რომელზეც შენ საუბრობ, ადგილი აქვს მხოლოდ მცირე ტანჯვისას, მხოლოდ ასატანი მწუხარებისას, როდესაც გავიგებთ, რომ სხვაც ითმენს; და ისიც - ყოველთვის არა.
 
თუკი ასატანი მწუხარებისასაც კი, იგი ზოგჯერ სრულიად უძლურია, მით უფრო გამოუთქმელი სნეულებისა და მწუხარებისას, რომელიც კბილთა რღჭენაში იჩენს თავს. ვიცი, რომ მძიმეა და უსიამოვნო თქვენთვის ასეთი სიტყვების მოსმენა ჩემგან; მაგრამ რა ვქნა? მე არ ვისურვებდი, მესაუბრა ამაზე, მოხარული ვიქნებოდი საკუთარ თავშიც და ყველა თქვენგანშიც სათნოება შემეცნო. მაგრამ ღმერთმა შემაძლებინოს, თქვენში ჭეშმარიტი მწუხარება გამოვიწვიო და მსმენელთა გულებს შევეხო! მაშინ მშვიდად ვიქნებოდი და შევწყვეტდი ამაზე საუბარს.
 
ახლა კი მეშინია, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა არ უგულებელყოს ეს სიტყვები და ამ უგულებელყოფისა და უყურადღებობის გამო უმეტეს სასჯელს არ დაექვემდებაროს. თუკი რომელიმე მონა, ბატონის მუქარის გამგონე, უგულებელოფდა მას, მაშინ, რაღა თქმა უნდა, განრისხებული ბატონი მას დაუსჯელს არ დატოვებდა; არამედ ამის გამო მძიმედ დასჯიდა. მაშ, გევედრებით, გულით დავმწუხრდეთ, გვესმის რა სიტყვა გეენიაზე. ჭეშმარიტად არაფერია ამ საუბარზე უფრო ტკბილი იმიტომ, რომ თავად გეენიაზე მწარეც არაფერია.
 
მაგრამ როგორ შეიძლება, - იკითხავ შენ, - ტკბილი იყოს გეენიაზე საუბარი? სწორედ იმის გამო, რომ გეენიაში დანთქმა არ არის ტკბილი; ხოლო ამის შეხსენება, რომელიც აუტანლად გვეჩვენება, გვიცავს ამ უბედურებისგან. გარდა ამისა, ისინი სხვა სიტკბოებასაც გვანიჭებენ, უფრო ყურადღებიანს ხდიან სულს, უფრო განკრძალულს, მთამდე ამაღლებენ გონებას, ფრთას ასხამენ ჩვენს ფიქრებს, უკუაგდებენ ბოროტ გულისთქმებს - გარშემო რომ შემოგჯარვიან და ამგვარად კურნავენ სულს წყლულებათაგან.
 
მას შემდეგ, რაც სასჯელი შეგახსენეთ, ნება მომეცით, რაღაც გითხრათ სირცხვილზეც, ჩვენ რომ მიგველის.
 
იმიტომ, რომ როგორც ნინეველნი განსჯიან იუდეველებს განკითხვის დღეს, ასევე ჩვენც განგვსჯიან მრავალნი, რომელნიც აქ შეურაცხვყავით. ამრიგად, დავფიქრდეთ, თუ როგორი დაცინვა, როგორი განკითხვა გველოდება. დავფიქრდეთ ახლავე, დავუდოთ დასაბამი და შევიდეთ სინანულის კარში.
 
მე ამას საკუთარ თავს ვეუბნები, უწინარეს ყოვლისა - საკუთარ თავს შევაგონებ. ნურავინ განმირისხდება, თითქოსდა მე მისი განკითხვა მსურდეს. ვიწყოთ "იწრო გზით" სვლა. როდემდე უნდა ვეძლეოდეთ შვებას? როდემდე უნდა ვიცხოვროთ უდებებით? განა საკმარისად არ ვიცხოვრეთ უზრუნველად, სიცილ-სიცილით, დღითიდღე გადავდებდით რა ჩვენს მოქცევას. თუ ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩება: მდიდრული ტაბლაც, განცხრომაც, ფუფუნებაც, ფულისადმი სიხარბეც, ვერცხლისმოყვარებაც და სურვილიც კეთილმოწყობისა, როგორი იქნება დასასრული? - სიკვდილი! როგორი ბოლო? - მტვერი და მიწა, სამარე და მატლი. მაშ დავიწყოთ ახალი ცხოვრება, გადავაქციოთ მიწა ზეცად; ვაჩვენოთ წარმართებს, რაგვარ სიკეთეებს მოაკლდნენ.
 
და შეხედავენ რა ჩვენს კეთილად მოწყობილ ცხოვრებას, ისინი დაინახავენ ხატს ცათა სასუფეველისა. როდესაც ისინი ნახავენ, თუ როგორი მოკრძალებულნი ვართ, როგორი თავისუფალნი მრისხანებისგან, ბოროტ გულისთქმათაგან, შურისგან, ვერცხლისმოყვარებისგან, რა ერთგულად ვასრულებთ ყველა მოვალეობას, იტყვიან: თუკი ქრისტიანები აქვე ანგელოზებად იქცევიან, როგორიღა იქნებიან აქედან გადასახლების შემდგომ? თუკი აქ, მწირობაში მყოფნი ასეთ შუქს აფრქვევენ, როგორებადღა მოგვევლინებიან, როდესაც საკუთარ სამშობლოს მიაღწევენ?
 
ამრიგად, წარმართნიც, ჩვენი შემხედვარენი, უკეთესნი გახდებიან და ღმრთის სიტყვა ისევე ფართოდ გავრცელდება, როგორც მოციქულების ჟამს.
 
მართლაც, თუკი თორმეტმა მოციქულმა მთელი ქალაქები და ქვეყნები მოაქცია, დაფიქრდი, როგორი წარმატებით დაგვირგვინდება ჩვენი შრომა, როდესაც ჩვენ ყველანი, მოშურნეობით აღვსილნი მივისწრაფებით რა კეთილი ცხოვრებისკენ, ამის მეშვეობით მასწავლებლებად შევიქნებით?
 
წარმართს იმდენად არ იზიდავს გაცოცხლებული მკვდარი, რამდენადაც ღმრთივსათნო ადამიანი. პირველისგან ის განკვირვებაში მოვა, უკანასკნელისგან კი სარგებელს მიიღებს. ის იყო და გაიარა, ხოლო ღმრთივსათნო ცხოვრება მუდამ რჩება, და მუდმივად უწყობს ხელს მისი სულის სიკეთისკენ მსვლელობას. ამრიგად, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რათა ურწმუნონიც შევიძინოთ.
 
მე არ გთავაზობთ თქვენ არაფერს ძნელად აღსასრულებელს; არ გეუბნებით: ნუ დაქორწინდები; არ გეუბნები დატოვე ქალაქი და ჩამოშორდი საზოგადოებრივ საქმიანობას. არამედ გამცნებ, რომ შენ, რჩები რა მასში, სათნოებით შეიმოსო. ვისურვებდი კიდეც, რომ ქალაქში მცხოვრებნი მეტად გამოირჩეოდნენ ღვთივსათნო ცხოვრებით, ვიდრე - მთებში გახიზნულნი.
 
რატომ? იმიტომ, რომ აქედან ფრიად დიდი სარგებელი იქნებოდა "არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა".
 
ამიტომაც ვისურვებდი, რომ ყველა სანთელი სასანთლეზე იდგეს, რათა მათგან დიდი შუქი განეფინოს. მაშ აღვანთოთ ამ შუქის ცეცხლი და ისე გავაკეთოთ, რომ ბნელში მსხდომარენი გათავისუფლდნენ ცთომილებისგან.
 
ნუ მეტყვი: მე ცოლ-შვილი მყავს, ოჯახს ვუძღვები და არ შემიძლია ამის აღსრულება. თუკი შენ ეს ყველაფერი არ გექნებოდა, არამედ უზრუნველი იქნებოდი, სარგებელსაც ვერანაირს მიიღებდი. ხოლო, თუკი მიუხედავად ყველაფრისა, გულმოდგინე იქნები, მაშინ სათნოებით განმდიდრდები. მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვება - ღმრთივსათნოდ განვაწყოთ საკუთარი სული: მაშინ ვერც ასაკი, ვერც სიგლახაკე, ვერც სიმდიდრე, ვერც საქმეთა სიმრავლე და ვერც ვერაფერი სხვა ვერ დაგვაბრკოლებს.
 
მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ცოლიანებიც და ბავშვთა აღზრდის მოვალენიც, ხელოსანნიც და მეომარნიც ხომ ასწრებდნენ აღესრულებინათ მათდამი ბრძანებული. დანიელი ყრმა იყო, იოსები მონა, აკვილა მეპრატაკე. ვიღაც ციხის ზედამხედველი იყო, სხვა ასისთავი, როგორც კორნელიუსი, კიდევ სხვას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, როგორც ტიმოთეს, ვიღაც ბატონსაც კი გაექცა, როგორც ონისიმე: მიუხედავად ამისა, ვერცერთი მათგანი ვერ დააკავა ვერანაირმა დაბრკოლებამ, არამედ ყველანი ქების ღირს ცხოვრებას ეწეოდნენ: მამაკაცებიც და ქალებიც, ყრმებიც და მოხუცებიც, მონებიც და თავისუფალნიც, მეომარნიც და უბრალო ხალხიც.
 
ამრიგად, ნუ შევინიღბებით უსარგებლო და ცარიელი დაპირებებით, არამედ განვამტკიცოთ ჩვენში კეთილი განზრახვა, რადგანაც მოვა დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა და ყოველი ჩვენგანი მზად უნდა იყოს ამისთვის.

წყარო: წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები. XIV ტომი. ქადაგებები წმინდა წერილის ცალკეულ გამონათქვამებზე. თბილისი 2020. გვ. 263-267.
Назад к содержимому